Wednesday, May 19, 2010

ერთი დღე წყნეთში...

მთელი კვირა ვგეგმავდით, ვფიქრობდით, რა გაუხარდებოდათ მათ, თუმცა იმას კი ვერ ვხვდებოდით, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი იქ მისვლა იქნებოდა. სხვადასხვა ტკბილეულით დატვირთულები მივადექით ჭიშკარს, გულის სიღრმეში, ალბათ, ყველა ჩემსავით ღელავდა, არ ვიცოდით, როგორ მიგვიღებდნენ, რა უნდა გვეთქვა პატარებისთვის, რომლებიც ასე ლამობენ დიდებთან გასაუბრებას. გაზვიადებული არ იქნება, ალბათ, რომ ვთქვა, იმ ჭიშკარს მიღმა სულ სხვა სამყაროა, სადაც პიტერ პენიც არ იტყოდა უარს ცხოვრებაზე. ეზო მწვანეა, საქანელები და სპორტული მოედანი მყუდრო გარემოს უქმნის ბავშვებს. ფეხი შევდგით თუ არა, ინტერესიანი და გახარებული თვალებით მოგვაცქერდნენ. ყველა რაღაცნაირად თბილად გვიყურებდა. პატარები ერთმანეთს ასწრებდნენ ჩვენთან მოსვლას. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გავშინაურებულიყავით. ყველანი ვთამაშობდით, ერთმანეთს ვეცნობოდით. ბავშვები, რომლებსაც ასე აკლიათ სითბო, იმდენად თბილები იყვნენ ჩვენს მიმართ, რომ არ შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა თითოეული მათგანი. ისინი არაჩვეულებრივად ხატავენ, ქარგავენ, კითხულობენ ლექსებს, მღერიან. მათ არ აქვთ ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული, ისინი მიზანდასახულები არიან. ერთ-ერთ შენობაში აქვთ მხიარულების ოთახი, სადაც იკრიბებიან და ერთობიან. სწორედ ამ ოთახში შეგვიპატიჟეს ჩაგვიტარეს პატარა კონცერტი რითაც დამსწრე საზოგადოებამ ძალიან ვისიამოვნეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს მზრუნველობას არ აკლებენ, არის პატარა პრობლემები, რომლებიც, ალბათ, ხალხის დახმარებით მოგვარდება. მათ ჭირდებათ ინგლისურის პედაგოგი. სამწუხაროდ, იმის საშუალება არ არის, რომ მასწავლებელი დაიქირავონ, მათ იმედი აქვთ რომ მოსწავლეები, სტუდენტები ან მასწავლებლები გამოთვამენ სურვილს, რომ დაეხმარონ ბავშვებს და თუნდაც კვირაში ერთი გაკვეთილი მაინც ჩაუტარონ. მათთვის ეს მართლაც რომ საჭიროა. როგორც გვითხრეს, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პროგრამებით ბავშვები გაუშვან საზღვარგარეთ.
მართალია, გამომშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ მაინც გადმოვდგით ნაბიჯი უკან იმ ჭიშკრიდან და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, კიდევ როდის შევძლებდით მათ გახარებას.

პატარები მღერიან...

ჩაგვიტარეს კონცერტი...

პატარებმა წაგვიკითხეს ლექსები ...